ლონდონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, განათლების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის – Universities UK International (UUKI) დირექტორთან, ჯეიმი ეროუსმიტთან სამუშაო შეხვედრა გამართა. Universities UK International აერთიანებს ყველა ბრიტანულ უნივერსიტეტს და წარმოადგენს მათ საერთაშორისო პლატფორმებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური განათლების სიღრმისეული კვლევის ანგარიშის შედეგებს, რომელიც Times Higher Education-მა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა. მინისტრის თქმით, კვლევის შედეგები არის ძალიან ოპტიმისტური, რაც საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების მოზიდვის უდიდეს შესაძლებლობას იძლევა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს განათლების რეგიონული ჰაბი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროექტის განხორციელება. მათ შორის, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ბრიტანული უნივერსიტეტების სასწავლო ვიზიტის განხორციელების მნიშვნელობას.
ბრიტანულმა მხარემ ვიზიტის განხორციელების მზაობა გამოთქვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოტენციალის შესწავლას, ქართული და ბრიტანული უნივერსიტეტების დაახლოებას და ბრიტანული განათლების ქართულ სისტემასთან ინტეგრაციას ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გზით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ინსტიტუციების თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობის საკითხები. საუბარი შეეხო ქართულ-ბრიტანული ტრანსნაციონალური განათლების განვითარების პერსპექტივებს და ამ მიმართულებით პარტნიორობის კონკრეტულ სამოქმედო გეგმებს.
დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლობითი ინსტიტუციის - Universities UK International (UUKI) დირექტორთან შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ Universities UK International აერთიანებს ყველა ბრიტანულ უნივერსიტეტს და წარმოადგენს მათ საერთაშორისო პლატფორმებზე. UUKI-ის მთავარი მისიაა, ხელი შეუწყოს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების სექტორის ინტერნაციონალიზაციას და აღნიშნული სექტორი უმაღლესი განათლების საერთაშორისო პლატფორმებზე წარმოადგინოს.