პროექტ თემატური ბანაკების ფარგლებში სტუდენტები კახეთში, სოფელ იყალთოში იმყოფებოდნენ.
ბანაკის მონაწილეებთან შეხვედრა ამჯერად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ და მოადგილეებმა ნოდარ პაპუკაშვილმა და გელა გელაძემ გამართეს. მათ სტუდენტებთან ახალგაზრდების მხარდამჭერი ინიციატივები და სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილეს.
სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით ბანაკის მონაწილეების პოზიციები და იდეები მოისმინეს.
შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვახტანგ ბააკაშვილმა.
შეხვედრის შემდეგ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა და პოლიტოლოგმა ლუკა ეხვაიამ ახალგაზრდებთან საინფორმაციო სესია გამართეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ეროვნული ფასეულობების შენარჩუნება, გლობალიზაცია და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგი და სხვა.
აღსანიშნავია, რომ თემატურმა ბანაკმა წელს იყალთოში უკვე სტუდენტების მესამე ნაკადი მიიღო. პროექტი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება და წელს ახალგაზრდების 8 ნაკადს, ჯამში 500-მდე სტუდენტს უმასპინძლებს.
თემატური ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით 2024 წელს პირველად ტარდება.
ბანაკების მიზანია ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა, მათში დემოკრატიული, პატრიოტული ღირებულებების გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
თემატური ბანაკების ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ თემატურ დისკუსიებში გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებთან დაკავშირებით. ამასთან, მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ აქტივობებთან ერთად, სტუდენტებისთვის ჩატარდება საჯარო ლექციები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.