კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, პროექტი „ჯარის ბანაკი" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად გახსნა.
ღონისძიების მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ბანაკის გახსნა მიულოცეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ წელს „ჯარის ბანაკის" პროექტი გაფართოვდა. შესაბამისად, ბანაკი განხორციელდება სამ ლოკაციაზე - საჩხერე, კოჯორი, ახალქალაქი და მასში მონაწილეობას მე-10 და მე-11 კლასების 2 160 მოსწავლე მიიღებს.
ბანაკის ხანგრძლივობა იქნება 6 დღე, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნულ ლოკაციებზე მოსწავლეების ახალი ნაკადის ჩაყვანა. ჯარის ბანაკი ჯამში მოსწავლეთა 8 ნაკადს მიიღებს.
„ჯარის ბანაკი“ საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს თავგადასავლებით სავსე, სახალისო და მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამას სთავაზობს.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას. მსგავსი ინიციატივები კი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, საქართველოს თავდაცვის სისტემა, ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობა და სხვა.
სხვადასხვა სახალისო აქტივობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები სტუმრობენ და მოსწავლეებთან საინტერესო შემეცნებით შეხვედრებს აწყობენ.