ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარმა საუბრისას ახალგაზრდების მხარდაჭერაზე და საქართველოში განათლების სისტემის და ადამიანური რესურსის განვითარების კუთხით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსები ჰყავდა ამ იდეას, ბევრი ქვეყნისთვის მართლაც მიუწვდომელი პროექტი დღეს საქართველოში განხორციელდა.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს უპრეცედენტო ქველმოქმედებისთვის და აღნიშნა, რომ ფონდი „ქართუს” მიერ დაფინანსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უნიკალური პროექტი გახლავთ მართლაც ფასდაუდებელი ინვესტიცია ქართულ განათლებაში.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ; მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა; გერმანული ტრანსნაციონალური საინჟინრო და ტექნოლოგიური კომპანია „ბოშის‘‘ მომავლის კვლევისა და ტექნოლოგიების სტრატეგიის ვიცე პრეზიდენტმა, დოქტორმა ანდრეი ჰეინკემ; ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის (LERU) გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა კურტ დეკეტელარემ და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ანანო შავერდაშვილმა.
2024 წლის ყველა კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორთან, პროფესორ გიორგი ხუბუასთან ერთად გადასცა.
კურსდამთავრებულებს ღონისძიებაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტოზონებში, სამახსოვრო სურათები გადაეღოთ. გამოსაშვები ცერემონიის შემდგომ კი, საზეიმო მიღება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მათი ოჯახის წევრები, სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები და სხვა მოწვეული მაღალი რანგის სტუმრები.
ღონისძიების დაწყებამდე სტუმრებმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ტერიტორიაზე აშენებული ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი აკადემიური კორპუსი დაათვალიერეს. ექვსსართულიან, 27.000 კვ.მ. ფართობის მქონე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საგანმანათლებლო კორპუსში განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტების სალექციო სივრცეები, სასწავლო აუდიტორიები, ლაბორატორიები, ადმინისტრაციული ოფისები, სამკითხველო დარბაზები.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.