პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მორიგი სასკოლო სასადილო გახსნეს.
სასკოლო სასადილოების მოწყობა პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ”უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის პროექტის” ფარგლებში ხორციელდება. 161-ე საჯარო სკოლაში სასადილო კომპანია ”გოგლი-მოგლმა” კეთილმოაწყო და უახლესი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ისევე, როგორც ამ კომპანიის მიერ მოწყობილ თბილისის რამდენიმე სკოლის სასადილოში 161-ე სკოლაშიც ანგარიშსწორება არა ნაღდი ფულით, არამედ ,,ტაოპრივატბანკის’’ მიერ უსასყიდლოდ დამზადებული ელექტრონული ბარათებით მოხდება.
კომპანია ”გოგლი-მოგლის” სასადილოები თბილისის 8 სკოლაში ამოქმედდება, თითოეული მათგანის კეთილმოწყობაზე კომპანიამ 50 ათასი ამერიკული დოლარი დახარჯა.
გარდა მრავალფეროვანი სახის ჯანსაღი საკვებისა, ხელმისაწვდომი ფასების, უნაღდო ანგარიშსწორებისა და მშობლებთან მუდმივი კონტაქტის შეთავაზებისა, ”გოგლი-მოგლი” მოსწავლეებისათვის სხვადასხვა წამახალისებელი პროექტებისა და ტურნირების ჩატარებას გეგმავს. მალე ამუშავდება გოგლი-მოგლის საიტი, სადაც ყველა ინფორმაციის მიღება გახდება შესაძლებელი.
ახალი სასწავლო წლიდან, პროექტი უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში, ყველა საჯარო სკოლაში დაინერგება. სასკოლო სასადილოები ტენდერში გამარჯვებული სხადასხვა კომპანიების მიერ კეთილმოეწყობა და აღიჭურვება.