საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, აზერბაიჯანის განათლების მინისტრი მისირ მარდანოვი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე ქ. გარდაბნის №3 საჯარო სკოლას ეწვივნენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში დაწყება მიულოცეს.
ამავე დღეს აზერბაიჯანის განათლების მინისტრმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ ქ. დმანისის №2 საჯარო სკოლა მოინახულეს.
ქ. გარდაბნის №3 და ქ. დმანისის №2 საჯარო სკოლების 1000-მდე მოსწავლე ამიერიდან თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში ისწავლიან. ორივე სკოლას გეიდარ ალიევის ფონდის დაფინანსებით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ქ. გარდაბნის №3 სკოლაში გასულ წელს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი - საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში, ნაწილობრივი რებილიტაცია განხორციელდა, განახლდა გადახურვა, გამოიცვალა კარ-ფანჯრები და გათბობის სისტემა, ანალოგიური სამუშაოები ალიევის ფონდის მიერ ქ. დმანისის №2 საჯარო სკოლაში განხორციელდა. ორივე სკოლა სრულად გარემონტდა და თანამედროვედ აღიჭურვა, მოეწყო სპორტული დარბაზი და მოედანი, სასადილო, მოწესრიგდა სველი წერტილები. სკოლებს აქვთ საკუთარი წყლის რეზერვუარები.
2010 წელს სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ქვემო ქართლში 33 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა, ორ სკოლაში გათბობის თანამედროვე სისტემა მოეწყო. გეიდარ ალიევის ფონდის დაფინანსებით კი, 2009-2010 წ/წ ერთი სკოლა აშენდა, ხოლო 7 სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.