გურჯაანის, ბოდბისა და კოხნარის სკოლა-პანსიონებიდან 12 მოზარდი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილ თბილისის მე-200 სპეციალურ სკოლა-პანსიონში გადაიყვანეს. მოზარდები არასათანადო პირობებში ცხოვრობდნენ, სასწავლო პროცესში სერიოზული სირთულეები არსებობდა. მკურნალობის, სწავლისა და საზოგადოებაში ადაპტირებისთვის არ იყო შესაბამისი პირობები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ეს მოზარდები ახალი სასწავლო წლიდან სწავლას მე–200 სკოლა–პანსიონში აგრძელებენ, მინისტრმა ისინი პირადად მოინახულა და მათი ცხოვრებისა და სწავლის გაუმჯობესებულ პირობებს გაეცნო.
დიმიტრი შაშკინმა მე–200 სკოლაში სენსორული განვითარების ახალი კაბინეტიც მოინახულა, რომელიც სხავდასხვა შეზღუდვის მქონე მოსწავლეებისათვისაა განკუთვნილი.
12 მოსწავლე მე-200 სკოლაში მიყვანამდე კონსულტაციას ფსიქოლოგებთან და სოციალურ მუშაკებთან გადიოდა, დაიგეგმა ბავშვებისათვის გარემოში ინტეგრაციის ღონისძიებები, თითოეული მოსწავლისათვის შემუშავდა ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმა. შედგა პროგრამა, სადაც სკოლის ახალი ბენეფიციარები სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად ჩაერთვნენ ერთობლივ აქტივობებში. სკოლას ჰყავს ფსიქოლოგები, მასწავლებლები, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევენ ბავშვების საგანმანათლებლო პროცესში ხარისხიან ჩართულობას.