,,მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული სასწავლებლები დროის მცირე მონაკვეთში კვალიფიციურ კადრებს ამზადებენ, რომელთა მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ დიდია. სწორედ ამის მაგალითია ახლადგახსნილ საწარმოში საკმაოდ მაღალ ანაზღაურებაზე თბილისის პროფესიული სწავლების კურსდამთავრებულების დასაქმება’’ - აღნიშნა ,,სამკერვალო სახლში’’ მისულმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
თანამშრომლობა ,,სამკერვალო სახლსა’’ და თბილისის პროფესიული სწავლების ცენტრს შორის მომავალშიც გაგრძელდება, რაც კურსდამთავრებულების დასაქმებაში გამოიხატება.
პროფესიული განათლების მქონე ახალგაზრდებით დაინტერესება იზრდება. საქართველოს მასშტაბით მოქმედი პროფესიული სასწავლებლების ასობით სტუდენტია დასაქმებული სხვადასხვა პროფილის საწარმოებსა და კერძო კომპანიებში.