პროგრამა ,,ALUMNI’’-ის ფარგლებში 158-ე საჯარო სკოლას კურსდამთავრებულებმა 3444 ლარი შემოსწირეს. აღნიშნული თანხით გარემონტდა სკოლის მე-3 სართული, შეიცვალა კარ-ფანჯარა, კეთილმოეწყო სველი წერტილები, მოწესრიგდა კიბეები, გაკეთდა კომპიუტერული კლასი. ,,ALUMNI’’-ის შედეგების სანახავად სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეწვია.
"პროგრამა ,,ALUMNI’’ ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, წარმატებული კურსდამთავრებულები ზრუნავენ საკუთარ სკოლებზე, მათთვის ამ კლუბის წევრობა ერთგვარი წარმატების ნიშანია. მოხარული ვარ, რომ აღნიშნულმა პროგრამამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა საქართველოშიც. სკოლებმა, საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტეს საით მიემართათ პროგრამის ფარგლებში შემოსული თანხა. სკოლების კეთილმოწყობა ,,ALUMNI’’-ის პროექტით მომავალშიც გაგრძელდება’’-განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
პროგრამა ,,ALUMNI’’ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის დასაწყისშია ინიცირებული. წარმატებულ კურსდამთავრებულთა კლუბ ,,ALUMNI’’-ის პროექტის ჩამოყალიბება და განვითარება განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში დაიწყო. ახალ ინიციატივას ქვეყნის მასშტაბით ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული გამოეხმაურა. პროექტმა მათ საშუალება მისცათ საკუთარი წვლილი შეეტანათ მშობლიური სკოლის კეთილდღეობასა და წარმატებაში.