ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ეტაპობრივად დაინერგება. 2011-2012 სასწავლო წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლის პირველ საფეხურზე (დაწყებითი: I-VI კლასი) ამოქმედდება, ხოლო 2012-2013 სასწავლო წელს კი მეორე საფეხურზე (საბაზო და საშუალო: VII-XII კლასი).
შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურა, ცვლილებები შევიდა საგნობრივ პროგრამებში, ყოველ საგანში გათვალისწინებულია შინაარსის სულ მცირე 60%-დან 80%-მდე სავალდებულო ნაწილი, შემოვიდა ახალი საგნები, კერძოდ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, ცეკვა. დაიწყო ახალი საგნის ”მსოფლიო კულტურის” პილოტირება, 2011 წლიდან მოხდება ამ საგნის ყველა სკოლაში დანერგვა. ასევე, გაძლიერდა საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის სწავლება, გაიზარდა არჩევითი საგნების ჩამონათვალი და სხვ.
სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად, პროექტზე მუშაობდნენ სამეცნიერო სფეროს, უმაღლესი სასწავლებლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და განათლების ექსპერტები; შექმნილი იყო საგნობრივი სამუშაო ჯგუფები, გაერთიანებული საგნობრივი კომისიები და მეთოდური საბჭო; სხვადასხვა ჯგუფებში მუშაობდა 150-მდე ადამიანი.
ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმას საფუძვლად უდევს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო ტრადიციები. სასწავლო გეგმა მიზნად ისახავს ისეთი პროგრამების შექმნას, რომელთა თანამედროვე, მეთოდურად სწორი სწავლების შედეგად, ჩვენი მოსწავლეები მიიღებენ თანამედროვე ეპოქისთვის საჭირო ზოგად განათლებასა და უნარ-ჩვევებს.