ნატოს კვირეულის ფარგლებში საჯარო სკოლებში ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად, სახალხო დიპლომატიაში ნატოს კავკასიის რეგიონის კოორდინატორი დესპინა აფენტოული, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ გოგოტიშვილი მცხეთის მეორე საჯარო სკოლას სტუმრობდნენ.
სკოლის მეათეკლასელმა მოსწავლეებმა მათგან მოისმინეს ლექცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიის, მისი მნიშვნელობის, მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ.
,,ნატოში ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტთაგანია. აუცილებელია ახალგაზრდებს, მოსწავლეებს მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია ალიანსის შესახებ.’’- აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ.
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა მცხეთის მეორე საჯარო სკოლას ალიანსის შესახებ საინფორმაციო მასალები გადასცეს, რომელთა გაცნობა ყველა მოსწავლეს შეეძლება.
ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში გაიმართება.