კონფერენციას ,,საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია: საზოგადოების როლი’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. მინისტრმა დამსწრეებს მოხსენება თემაზე ,,ინვესტირების განხორციელება საქართველოს ადამიანურ კაპიტალში’’ წარუდგინა.
,,ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ევროპულ სტანდარტებთან განათლების სისტემის მიახლოება წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სფეროს მოდერნიზაციისთვის უდიდესი რესურსი იხარჯება. აუცილებელია, ახალგაზრდებს მივცეთ საერთაშორისო დონის განათლება, რათა მათ გლობალიზაციის პროცესში შეძლონ თანამედროვე გამოწვევების მიღება.’’-აღნიშნა გამოსვლისას დიმიტრი შაშკინმა.
კონფერენციას ესწრებოდნენ და მოხსენებით გამოვიდნენ ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი დეიმონ ვილსონი, ამერიკის განვითარების სააგენტოს USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კავკასიის რეგიონში იოაკიმ პარკერი, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი, საფრანგეთისა და გერმანიის სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, საერთაშორისო ექსპერტები.
დამსწრე საზოგადოებამ ასევე იმსჯელა შემდეგ თემებზე: ,,გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში მიმდინარე რეფორმების ფონზე’’, ,,აშშ-სა და ევროპის პოლიტიკის კოორდინირება საქართველოსთან მიმართებაში’’, ,,რეგიონული თანამშრომლობის/სტაბილურობის მხარდაჭერა’’, ,,2008 წლის აგვისტოს შემდგომი სტატუსკვო: გამოწვევები და პერსპექტივები.’’