საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოწვევით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება კომპანია ”ინტელის” ვიცე პრეზიდენტი, ”ინტელის” მსოფლიოს განვითარების პროგრამის გენერალური მენეჯერი ჯონ დევისი და რეგიონალური მენეჯერი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ტერიტორიაზე დიმიტრი კისელი. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ”ინტელის” ვიცე პრეზიდენტმა ჯონ დევისმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ”კომპიუტერი ყველასათვის ” პროექტის შესახებ.
ორივე მხარე, აცნობიერებს რა საინფორმაციო ტექნოლოგიების დიდ მნიშვნელობას საქართველოს სოციალ–ეკონომიკური განვითარებისთვის, შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ ქვეყნის მოსახლეობის პერსონალური კომპიუტერებით ხელმისაწვდომ ფასებში უზრუნველყოფის საკითხში.
მემორანდუმის ფარგლებში ამოქმედდება ახალი პროექტი, რომლის მიზანია საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს საშუალება მიეცეს სპეციალურ ფასად შეიძინოს სასურველი კომპიუტერი ან ნოუთბუკი.
კორპორაცია ”ინტელი” მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, ხელს უწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას. ინტელის პროგრამების დახმარებით ყოველწლიურად სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ასაკის მილიონობით ადამიანისთვის ხელმისაწვდომი ხდება თანამედროვე ტექნოლოგიები, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ კავშირი, გაუმჯობესებული ჯანდაცვის სისტემა და ხარისხიანი განათლება. ამიერიდან, ამ პროგრამას საქართველოც შეუერთდება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ყველა ფენისთვის საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელმისაწვდომი გახდება.
ამავე დღეს ხელი მოეწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და Microsoft-ს შორის ურთიერთგანზრახვის შეთანხმებას თანამშრომლობაზე, რათა ხელი შეუწყონ “კომპიუტერი ყველასთვის” პროექტის განხორციელებას.