საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
რიგით მეცხრე რეგიონალური აკადემიური სამიტი ჩატარდება ა.წ. 27 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თემაზე “კვლევა საგანმანათლებლო პროგრამებში: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები”. აკადემიურ სამიტს გახსნის საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე. აკადემიურ სამიტზე საგანმანეთებლო პროგრამებში კვლევის როლზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრებენ პიერ მენდესის სახელობის გრენობლის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) დამსახურებული პროფესორი ალბან რიშარი, ბოლონიის ექპერტი ლიკა გლონტი, უმაღლესი განათლების ექპერტი ქეთევან გურჩიანი და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სწავლების დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი გიორგი აბრამიშვილი.
სამიტის შემდეგ 27-29 ოქტომბერს იგივე თემაზე “კვლევა საგანმანათლებლო პროგრამებში: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები” გაიმართება სემინარი, რომელსაც ჩაატარებს გრენობლის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი ალბან რიშარი. მოწვეული ექსპერტი მონაწილეებს გააცნობს ფრანგულ გამოცდილებას აღნიშნულ თემატიკაზე. ზემოთ აღნიშნულ სემინარებზე დასასწრებად 50-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის წარმომადგენელი არის დარეგისტრირებული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას. პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.