საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის დიდი ალეგენის კანცლერს, პროფესორ კურტის პორტერსა და კარნეგი მელონის უნივერისტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლის აზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორს პროფესორ ჯონ კანგის შეხვდა.
შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი პროექტების ინიცირებაა, ამერიკის წამყვან სამეცნიერო წრეებში დანერგილი სიახლეების საქართველოში ადაპტირება და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარება.
კურტის პორტერმა და ჯონ კანგმა საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებაზე დაინტერესება გამოხატეს. მათი განცხადებით მნიშვნელოვანია, საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, ამ უნივერსიტეტის დააარსება ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მეცნიერების წინსვლას შეუწყობს ხელს.
კურტ პორტერი და ჯონ კარგი ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ლევან ვარშალომიძესა და ამერიკის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდებიან.