სოფელ მლეთაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მოინახულა და სკოლის ბიბლიოთეკას კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა გადასცა.
,,ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობაა. მოსწავლეს, სადაც არ უნდა სწავლობდეს ის, უნდა ჰქონდეს საშუალება სრულფასოვანი განათლება თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს,,- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
სოფელ მლეთაში სკოლის მშენებლობა ივნისის თვეში დაიწყო, სკოლა ექსპლუატაციაში 31 აგვისტოს შევიდა. ადგილობრივი კლიმატის გათვალისწინებით სკოლა ხის მასალისგან აშენდა, რაც საუკეთესო თერმოიზოლაციის საშუალებას იძლევა. ოთხმოც მოსწავლეზე გათვალისწინებულ თანამედროვე სტანდარტების სკოლაში კეთილმოწყობილია სპორტული დარბაზი და კომპიუტერული კლასი.
პირველკლასელ მოსწავლეებს მლეთის საჯარო სკოლაში პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში დაურიგდათ ასევე ნეტბუკები, სადაც საგანმანათლებლო თამაშებია ჩატვირთული. ბავშვებს ინტერნეტის საშუალებით საშუალება აქვთ შევიდნენ საიტზე www.buki.ge და სხვადასხვა სახის ლიტერატურას გაეცნონ.
სოფელ მლეთაში ახალი სკოლის მშენებლობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ძველი, მე-19 საუკუნის სკოლის შენობა, ექსპლუატაციისთვის უვარგისი გახდა. მლეთაში მხოლოდ ერთი საჯარო სკოლაა და მას პატრონაჟს საქართველოს პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსი უწევს.
ამ დროისთვის მლეთის სკოლის გარდა საქართველოს მასშტაბით კიდევ ათი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, მათ შორის ექვსი სკოლის მშენებლობას მსოფლიო ბანკი აფინანსებს.