საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ევროპული ქვეყნების კერძო სკოლათა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაცია ლატვიის კერძო სკოლათა კავშირის წევრებით იყო წარმოდგენილი. ვიზიტის მიზანი მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის გაცნობა, გამოცდილებათა გაზიარება და საქართველოს კერძო სკოლათა ასოციაციის ევროპული ქვეყნების კერძო სკოლათა ასოციაციაში გაწევრიანების საკითხის განიხილვა იყო.
უცხოელ სტუმართა დიდი დაინტერესება გამოიწვია იმ სიახლეებმა, რაც ბოლო პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად ხორციელდება. ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის დელეგაციის წევრებმა მოინახულეს რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლა და სამუშაო შეხვედრები გამართეს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრების წარმომადგენლებთან.
ლატვიელთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სკოლების ბრენდირების თემამ, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ახალმა სქემამ და სხვ. სტუმრებმა ასევე ისაუბრეს იმ გამოცდილებებზე, რაც ევროპის წამყვან ქვეყანათა საგანმანათლებლო სივცრცეშია აპრობირებული.
ვიზიტის შემდეგ, ლატვიის კერძო სკოლათა ასოციაცია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოს კერძო სკოლათა ასოციაციას, რათა იგი უახლოეს მომავალში გახდეს ევროპული ქვეყნების კერძო სკოლათა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია მუშაობა და მას საქართველოს კერძო სკოლათა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი, სკოლა-ლიცეუმი ”მწიგნობართუხუცესის” დირექტორი დავით კახნიაშვილი თაოსნობს.