აკაკის კვირეულის (25-29 ოქტომბერი) ფარგლებში არაერთი ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის თხზულებების კონკურსი დევიზით - ”სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი”, რომელშიც მონაწილეობას VIII-XII კლასის მოსწავლეები იღებდნენ. კონკურსი 3 ეტაპად განხორციელდა: სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ტურები. პირველი ადგილი თიანეთის რ-ნის ახალსოფლის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ სალომე ჯიმშიტაშვილმა დაიმსახურა, რომელიც 700 ლარით დაჯილდოვდა, მეორე ადგილზე თბილისის №67 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სამადაშვილი გავიდა და პრიზის სახით 500 ლარი მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე გასულ საჩხერის რ-ნის სოფელ სხვიტორის X კლასის მოსწავლე მარიამ დეკანოიძეს 300 ლარი გადაეცა.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ვებ-კონკურსი ”როგორ ვიცნობთ აკაკის შემოქმედებას”. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული დახურული ტიპის ტესტი აკაკის შემოქმედებისა და ბიოგრაფიის შესახებ პირველმა სამტრედიის რ-ნის სოფ. ნაბაკევის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ რუსუდან შენგელიამ შეავსო. მინისტრმა მას პორტატული კომპიუტერი გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით დაბეჭდილი, 1893 წელს გამოცემული აკაკი წერეთლის ”სალამურის” ზუსტი ასლი.