საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის 183-ე საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელთა აბიტურის საათს დაესწრო და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან მაია მიმინოშვილთან ერთად, მოსწავლეებს ელექტრონული საგამოცდო ტესტის ნიმუში წარუდგინა.
2010-2011 სასწავლო წელს საატესტატო გამოცდები პირველად საქართველოში კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება. წარმოდგენილმა პრეზენტაციამ და საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით მიწოდებულმა ინფორმაციამ მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორც მათ აღნიშნეს, თითოეულ საგანთან, ზოგადად გამოცდებთან დაკავშირებული ანალოგიური ინფორმაციული შეხვედრები, მათ ბევრად გაუადვილებთ საატესტატო გამოცდებისთვის მზადებას.
საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოცდა თითოეულ საგანში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება. ცალკეული საგამოცდო საგნისათვის იქმნება საგამოცდო საკითხების ბაზა, მასში შემავალი საკითხები სირთულის მიხედვით რამდენიმე (7-10) კატეგორიად იყოფა. დასაწყისში აპლიკანტს საშუალო სირთულის საკითხები ეძლევა, გაცემული პასუხებით პროგრამა ცოდნის დონეს აფასებს და იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი კატეგორიიდან მიეცეს აპლიკანტს შემდეგი საკითხები. საგამოცდო პროცესის დამთავრებისთანავე ცნობილი ხდება გადალახა თუ არა აპლიკანტმა კონკრეტული საგნისათვის დადგენილი კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, რომელიც შესაძლებლობების სკალის კონკრეტული ნიშნულით გამოისახება და არა ნიშნით. კომპიუტერული პროგრამის შეფასება არ აისახება მოსწავლეს წლიური ნიშანზე, იგი დარჩება უცვლელი.
დიმიტრი შაშკინმა და მაია მიმინოშვილმა უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს. ინფორმაციული შეხვედრები მეთორმეტეკლასელებთან მომავალშიც გაიმართება, ასევე საქართვერლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოეწყობა ახალი საგამოცდო მოდელის პრეზენტაცია თბილისის სკოლების მოსწავლეთათვის.