საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ თბილისის №9 საჯარო სკოლაში გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების პედაგოგებთან შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანი პედაგოგებისთვის ახალი 2011-2016 წლების სასწავლო გეგმის გაცნობა იყო.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი დანიშნულებაა მოსწავლეებს მისცეს ცოდნა, დაეხმაროს უნარ-ჩვევების, ღირებულებებისა და დამოკიდებულებების გამომუშავებაში, პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რომელსაც ანალიზისა და ლოგიკური მსჯელობის უნარი ექნება.
2011-2016 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმის შემუშავებაზე ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად, მოწვეული ექსპერტები - აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოქმედი პედაგოგებიც მუშაობდნენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სწავლა-სწავლების მდგრადობისთვის სასწავლო გეგმა მინიმუმ 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ეტაპობრივად დაინერგება. 2011-2012 სასწავლო წელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაწყებით საფეხურზე (I-VI კლ.) ამოქმედდება, ხოლო 2012-2013 სასწავლო წელს კი საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლ.).
შეიცვალა ეროვნული სასწავლო გეგმის სტრუქტურა, ცვლილებები შევიდა საგნობრივ პროგრამებში, ყოველ საგანში გათვალისწინებულია შინაარსის სულ მცირე 60%-დან 80%-მდე სავალდებულო ნაწილი, შემოვიდა ახალი საგნები, კერძოდ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, ცეკვა. დაიწყო ახალი საგნის "მსოფლიო კულტურის" პილოტირება. ასევე, გაძლიერდა საბუნებისმეტყველო საგნებისა და ინგლისური ენის სწავლება, გაიზარდა არჩევითი საგნების ჩამონათვალი და სხვ.