157-ე სკოლა ვარკეთილის დასახლებაში მდებარეობს და აქ 1400-მდე მოსწავლე სწავლობს, სკოლას წლების განმავლობაში არ ჰქონდა გამართული სასკოლო კვების ობიექტი. სკოლის ახალი დირექტორის ინიციატივით, სასკოლო სასადილოს კეთილმოწყობა, თანამედროვე აპარატურით აღჭურვა და ახალი საკვებით მომარაგება ინდმეწარმე სოსო თურმანიძემ განახორციელა.
ახალი სასწავლო წლიდან მინისტრის განკარგულებით, ფიზიკურ პირებს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს 5 წლის ვადით შესაძლებლობა აქვთ იჯარის ფორმით აიღონ სასადილოების მოსაწყობად ქალაქ თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ფართობები, სადაც უნდა განახორციელონ: ფართობის რემონტი; ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის განმხოლოება (მრიცხველის დამონტაჟებით); სანიტარიული ნორმების დაცვა; ფართობის შესაბამისი ინვენტარით მოწყობა, მენიუ, ჯანსაღი დაბალანსებული კვების რაციონით, საკვების ფასი არ უნდა აღემატებოდეს საცალო ქსელში არსებულ ფასს; სასადილო უნდა აღიჭურვოს მინიმუმ ორი საბანკო ტერმინალით (POSS წამკითხველით); ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სახელობითი პლასტიკური ბარათებით; მოსწავლის პლასტიკურ ბარათზე თანხის შევსება მშობლის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს ინტერნეტით, მობილური ტელეფონისა და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით.
სასკოლო სასადილოების კეთილმოწყობა, რომელიც უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება, გასულ სასწავლო წელს რამდენიმე საპილოტე სკოლაში დაიწყო და ახალი სასწავლო წლიდანაც წარმატებით მიმდინარეობს. სკოლებში ნაღდი ფულის ბრუნვის აკრძალვა და ბარათების შემოღება უსაფრთხო სკოლის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მიზნად ისახავს უსაფრთხო და ჯანსაღი სკოლის კონცეფციის დანერგვასა და განვითარებას.