საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ციკლს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
რიგით მეთერთმეტე რეგიონალური აკადემიური სამიტი ჩატარდა ა.წ. 8 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე “რეგულირებადი პროფესიები”. აკადემიური სამიტი გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივესიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა პროფესორმა ლარისა თაკალანძემ. აკადემიურ სამიტზე რეგულირებად პროფესიებზე პრეზენტაციები გააკეთეს ლიონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჟაკ პერტეკმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანმა ლია ახალაძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ვეფხვია გვარამიამ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების, კვლევისა და სტრატეგიული განვითარების ცენტრის უფროსმა გაიანე სიმონიამ. შემაჯამებელი კომენტარი აკადემიურ სამიტზე გააკეთა Twining/ CEIBAL პროექტის ადგილობრივმა მრჩეველმა ქაი ეტზოლდმა.
სამიტის შემდეგ 8-10 დეკემბერს იგივე თემაზე “რეგულირებადი პროფესიები” გაიმართა სემინარი, რომელიც ჩაატარა ლიონის უნივესიტეტის პროფესორმა ჟაკ პერტეკმა. მოწვეულმა ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო ფრანგული და ევროპული გამოცდილება აღნიშნულ თემატიკაზე. ზემოთ აღნიშნულ სემინარებზე დასასწრებად 30-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტის წარმომადგენელი დარეგისტრირდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, სადაც ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას. პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.