პრეზიდენტის ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას გულსხმობს, თბილისის 22-ე საჯარო სკოლის გუნდებს შორის კალათბურთში შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. ფინალურ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო. პატარა სპორტსმენებს სკოლის მოსწავლეები და სტუმრები გულშემატკივრობდნენ.
რამდენიმედღიანი შეჯიბრი VIII და IX კლასელებს შორის ჩატარდა. გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის თასი და სიგელები გადაეცა, ხოლო გუნდის საუკეთესო მოთამაშეს კოკა სეფერთელაძემ პერსონალური კომპიუტერი გადასცა. სიგელები მიიღო ყველა მონაწილემ.
სპორტული ტურნირი რეაბილიტირებულ სპორტულ დარბაზში მიმდინარეობდა. დარბაზი გარემონტდა და აღიჭურვა სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა ,,ALUMNI’’-ის ფარგლებში, 22-ე საჯარო სკოლისათვის წარმატებული კურსდამთავრებულებისა და მასწავლებელთა მიერ შემოწირული თანხით.
№22 სკოლაში 1000-მდე მოსწავლე სწავლობს, სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა სიახლე სკოლაში წარმატებით ხორციელდება, მათ შორის სპორტის გაკვეთილების დანერგვა. მოსწავლეები ჩართულნი არიან სასკოლო ჩემპიონატებში, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპიადებში. სკოლაში წარმატებით მოქმედებს პროფესიული პროგრამები- გოგონებისთვის კულინარიაში, ვაჟები კი, სადურგლო და საზეინკლო საქმიანობას სწავლობენ.