საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილმა ”მე მიცავს ჩემი ჯარი” კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები სერტიფიკატებით, დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებისთვის ნახატების კონკურსი ჩაატარა თემაზე ”მე მიცავს ჩემი ჯარი”. კონკურსი ორ ასაკობრივ ჯგუფში I-VI და VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა და მოიცავდა სამ ეტაპს: სასკოლო, რეგიონულ და დასკვნით ტურებს. სკოლებმა რეგიონულ ტურში ორი საუკეთესო ნახატი წარმოადგინეს, რომელთაგან თითო მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ ფარული კენჭისყრის გზით იქნა შერჩეული.
რეგიონულ ტურში 26 ნახატმა გაიმარჯვა, მათ ავტორებს სერთიფიკატები გადაეცათ. დასკვნით ტურში გამარჯვებულები კი დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ: I ადგილზე გასულს - 700 ლარი გადაეცა, II ადგილზე გასულს - 500 ლარი და III ადგილზე გასულს - 300 ლარი გადაეცა.
საზეიმო დაჯილდოება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა, სადაც 39 საუკეთესო ნახატი იყო გამოფენილი.