სკოლის მანდატურებმა გლდანის ბავშვთა სახლის 20 აღსაზრდელს კიდევ ერთი ლამაზი დღე დაუთმო. სკოლის მანდატურებს და გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს კინოთეატრმა „ამირანმა“ უმასპინძლა. სკოლის მანდატურისა და კინოთეატრ „ამირანის“ ერთობლივი აქციის ფარგლებში მოზარდებმა ქართული ანიმაციური ფილმი „საახალწლო ზღაპარი“ იხილეს. აქციის ფარგლებში, ბავშვებს მანდატურებმა საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
სკოლის მანდატურების თქმით, მანდატურების ასეთ აქციებში მონაწილეობა ძალიან ნიშვნელოვანია, რადგან მათი სურვილია თავადაც შეიტანონ გარკვეული წვლილი ბავშვების სწორად აღზრდაში. სკოლის მანდატურის სამსახური მოზარდებს მომავალშიც არაერთ სიურპრიზს ჰპირდება.
სკოლის მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო აქციებში და საზოგადოების სხვადასხვა ფენას თავად განუმარტონ სკოლის მანდატურის არსი.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთი, გორისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.