მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და წახალისების მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში საფეხბურთო ლიგა შეიქმნა. ლიგის შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მოაწერეს. ღონისძიებას ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ესწრებოდა.
მემორანდუმის თანახმად, საფეხბურთო ლიგის ფარგლებში, 2011 წელს საქართველოს საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატი მოეწყობა, გამარჯვებული გუნდი ივლისის თვეში ფინალურ მატჩზე გამოვლინდება.
საფეხბურთო ლიგის დაარსებითა და საჯარო სკოლებს შორის სასკოლო ჩემპიონატის ჩატარებით, გაუმჯობესდება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონე, მოხდება ქართული ფეხბურთის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ანალოგიური ლიგების შექმნა, სასკოლო სპორტული ჩემპიონატების ორგანიზება მომავალში ხელს შეუწყობს მოზარდებს შორის სპორტული რესურსის გამოვლენას და მათ წახალისებას.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებელთა გადამზადებას UEFA-სა და FIFA-ს სტანდარტებით, გადამზადებული პედაგოგები შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ.
საფეხბურთო ლიგის შექმნა და საჯარო სკოლებს შორის ფეხბურთში ჩემპიონატის ჩატარება, მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს სკოლებში ფიზიკური კულტურის გაკვეთილები სპორტის გაკვეთილებმა ჩაანაცვლეს. სკოლებში თერთმეტი სპორტული ლიგა შეიქმნა, ეწყობა სასკოლი ჩემპიონატები, მოსწავლეებში იზარდება მოტივაცია და მკვიდრდება ჯანსაღი ცხოვრების წესი.