საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყაზახეთის ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული 5 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.
ქალაქ ალმატიში გამართულ მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში მათემატიკაში, ფიზიკასა და ინფორმატიკაში თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონ ”კომაროვის” (კომაროვის სკოლას სტატუსი 2010 წელს დაუბრუნდა) გუნდი მონაწილეობდა.
საქართველოს წარმომადგენლებმა გამარჯვება ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მოიპოვეს: ნიკა ბეგიაშვილი (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკაში; გრიგოლ ფერაძე (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი ფიზიკაში; გიგა გუმბერიძე (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი მათემატიკაში; ბაჩანა კუცია (მე-12 კლ.) ბრინჯაოს მედალი მათემატიკაში და ჯიმშერ სხირტლაძე (მე-10 კლ.) ბრინჯაოს მედალი ინფორმატიკაში. გუნდურ ნაწილში სკოლის გუნდმა მეოთხე ადგილი და საპატიო სიგელი დაიმსახურა (სულ 5 საპატიო სიგელი გაიცა).
ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდა 46 გუნდი და 296 ინდივიდუალური მონაწილე.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეთა ხელშეწყობას და წახალისებას მომავალშიც გააგრძელებს.