საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის საერთო საცხოვრებელი, სასტუმრო და ღვინის სახლი გახსნეს.
კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი მდიდარი ტრადიციების მქონე სასწავლებელია, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მშენებლობის და მომსახურების სფეროს კადრების მომზადების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს.
ახალი ტიპის კოლეჯში წელიწადში 505 სტუდენტი მიიღებს პროფესიულ განათლებას. 300-ამდე სტუდენტი ისარგებლებს უფასო საერთო საცხოვრებლით. კოლეჯის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან პარტნიორ კომპანიებში. საუკეთესო კურსდამთავრებულების დასაქმების სურვილს გამოთქვამენ პარტნიორი კომპანიები: შპს ,,ავანგარდი”, სს ,,თელიანი ველი”, შპს ,,შუხმან ვაინ ჯორჯია”, შპს ,,საქრთველო მარანი”, კორპორაცია ,,ქინძმარაული”, სიღნაღისა და კახეთის სხვადასხვა რაიონების სასტუმროები.
კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი განთავსებულია სპეციალურ კომპლექსში, რომელსაც უკავია 7 ჰა ტერიტორია. აქვს რამდენიმე ძირითადი ნაგებობა: სასწავლო, საყოფაცხოვრებო და საერთო საცხოვრებლის კორპუსები, ავტოსარემონტო სახელოსნო და ღვინის სახლი. პრაქტიკული სწავლებისათვის მოწყობილი და აღჭურვილია სახელოსნოები.
2010 წელს დასრულდა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია. მეღვინის სპეციალობის მაღალ დონეზე სწავლებისათვის აშენდა და აღიჭურვა ღვინის სახლი. ამჟამად კოლეჯი წარმოადგენს თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებულ, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
ამჟამად კოლეჯში სწავლობს სხვადასხვა ეროვნების 250 სტუდენტი და ასწავლის 42 მასწავლებელი.
2011 წლისათვის დაგეგმილია 505 სტუდენტის მომზადება 25 პროფესიაში:
საბიუჯეტო სექტორზე-მეღვინე, მევენახე, მეფუტკრე, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი, სასურსათო პროდუქტების წარმოების სპეციალისტი, ვეტერინალური მომსახურების სპეციალისტი, ტრაქტორისტ-მემანქანე, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მიმღები რეცეფციონისტი, გიდი ( გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორი (აგრო ტურიზმი), მზარეული, კალატოზი, მებათქაშე, მეფილე-მომპირკეთებელი, დურგალი, ელექტრიკოსი, ძრავის შემკეთებელი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი.
არასაბიუჯეტო სექტორზე-ექთნის თანაშემწე, ფარმაცევტის თანაშემწე, სტილისტი (ქალის, მამაკაცის), ავტომობილის მძღოლი ( სხვადასხვა კატეგოტრია), ბუღალტერი.