საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №198 საჯარო სკოლის ახალი შენობა დაათვალიერა, სადაც 160-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლე სწავლობს.
შენობა, სადაც №198 საჯარო სკოლა განთავსდა არის საქართველოში პირველი ცენტრი, რომელიც სრულად ითვალისწინებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მოთხოვნებს. სკოლაში ფუნქციონირებს ლეგოტეკა-სათამაშოების ბიბლიოთეკა, თამაშთერაპიის ოთახი, შრომის კაბინეტი, ფსიქო-სოციალური ლაბორატორია, ყოფითი უნარების შესასწავლი კაბინეტი, ადაპტირებული სასადილო და ღია ტრენინგ-ცენტრი. ამიერიდან, სკოლა არამარტო სკოლის მოსწავლეთა მომსახურებას შეძლებს არამედ, თბილისის მასშტაბით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისა და მათი მშობლების კონსულტირებას.
198-ე საჯარო სკოლის მთავარ პრობლემას წლების მანძილზე ავარიული და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე ორიენტირებული, ადაპტირებული ფიზიკური გარემოს არარსებობა წარმოადგენდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომლის ერთერთი პრიორიტეტი ინკლუზიური განათლებაა, გაითვალისწინა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა პრობლემები და უზრუნველყო სწორედ ისეთი გარემო შეექმნა მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებდა.