საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების აღიარების სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო. განათლების აღიარების სახელმძღვანელო ის ძირითადი დოკუმენტია, რომელიც უცხოური კვალიფიკაციების შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციას იძლევა.
სახელმძღვანელო გათვლილია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და იმ პირებზე, რომლებსაც განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. განათლების აღიარების სახელმძღვანელოს მნიშველოვანი როლი ეკისრება განათლების ინტერნაციონალიზაციაში.
დოკუმენტი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა და ის ელექტრონული ფორმით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე განთავსდება.
წიგნის პრეზენტაცია ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა განათლების აღიარების საკითხებთან დაკავშირებით უცხოეთის გამოცდილება და ქართული რეალობაც განიხილეს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა დავით კერესელიძემ მიიღო, მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და ფრანგი, ჰოლანდიელი და დანიელი ექსპერტები.