ახალი პროგრამა არასრულწლოვნის და უფროსი თაობის ადამიანის ნებაყოფლობით მეგობრობას გულისხმობს. ამ ურთიერთობის ფარგლებში მოზარდი უფროსი მეგობრისგან სწავლობს ადამიანურ ურთიერთობებს, ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავებას, დაშვებული შეცდომების გააზრებას და ასევე მეგობრის დახმარებით ცდილობს მათ გამოსწორებას.
პროექტში ჩართვა მოსწავლეებს გაუადვილებს შეიგრძნონ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერ ამას არასრულწლოვანი მაგალითის სახით იღებს უფროს მეგობართან ურთიერთობის პროცესში, და არა - თეორიული სწავლების სახით, რაც პროექტის ეფექტურობას უზრუნველყოფს.
შეხვედრის ბოლოს ანდრო გიგაურმა და ირინე ქურდაძემ უფროსკლასელების მიერ პროექტის გარშემო დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
„ჩემი უფროსი მეგობარი“ იუსტიციის სამინისტომ და გაეროს ასოციაციამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ერთობლივად შეიმუშავეს. პროექტი 2011 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის პრობლემების მქონე (მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფ) არასრულწლოვნებზე ზრუნვას.