საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პირველი ონლაინ კონფერენცია ჩატარდა. ვიდეოსაკონფერენციო ჩართვა თბილისსა და ბათუმს შორის განხორციელდა. თბილისიდან მონაწილეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები და სამინისტროს წარმომადგენლები იღებდნენ. ბათუმიდან კი - აჭარის ა/რ განათლების მინისტრი გია აბულაძე და აჭარის რეგიონის სკოლების დირექტორები.
დიმიტრი შაშკინმა სკოლების დაფინანსების ახალ წესზე ისაუბრა და სკოლის დირექტორთა შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ძირითადად სკოლების დაფინანსებას უკავშირდებოდა, იყო აგრეთვე კითხვები დირექტორთა და მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე, საატესტატო და ექსტერნთა გამოცდებზე, პედაგოგთა გადამზადებაზე და სხვა.
მინისტრის განცხადებით, რეგიონებთან უშუალო კავშირი ძალზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამის საშუალებას იძლევა ონლაინ კონფერენცია. მომავალში ანალოგიური ვიდეოსაკონფერენციო ჩართვები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებთან სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
ონლაინ კონფერენცია ბოლო თაობის, Full HD უმაღლესი კლასის Tandberg ვიდეო-მოწყობილობების გამოყენებით განხორციელდა და მისი ტექნიკური მხარდაჭერა კომპანია UGT უზრუნველყო.