საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეილა მესხმა თბილისის №1 ექსპერიმენტულ სკოლაში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლების წახალისებასა და დანერგვას ითვალისწინებს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური.
სკოლებში ჩოგბურთის სწავლება მოსწავლეთა სპორტული მომზადების დონეს გააუმჯობესებს და ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე, ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება მოხდა, რამაც პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახადა.
სპორტის სახეობებს სკოლები სურვილისამებრ ირჩევენ, აწყობენ სასკოლო ჩემპიონატებს, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სკოლა ერთვება. ჯერ-ჯერობით განსაკუთრებული პოპულარობით სპორტის სამი სახეობა ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი სარგებლობს. ჩოგბურთის ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულება მომავალში ჩოგბურთის პოპულარობასაც გაზრდის და სპორტის ეს სახეობა უფრო მეტი მოზარდისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით შეირჩევა საჯარო სკოლები, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთის სწავლებას განახორციელებს და სპორტის მასწავლებლებს გადაამზადებს. ფედერაცია სამინისტროს მიერ შერჩეული სკოლების შესაბამისი სპორტული ინვენტარით აღჭურვასა და სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებებს უზრუნველყოფს.