15.02.2011
დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოქსფორდის უნივერსიტეტის, კერძოდ, ტრინიტი კოლეჯის პრეზიდენტთან სერ აივორ რობერტსთან და მის მეუღლესთან, ამავე კოლეჯის დეკანთან, ვაიდენფელდის სტიპენდიების კურატორთან ლედი ელიზაბეტ რობერტსთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და სტიპენდიებზე ისაუბრეს .
ტრინიტი კოლეჯი მზადაა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ქართველი სტუდენტები მიიღოს და მასტერკლასების ჩასატარებლად თავისი პროფესორები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოაგზავნოს.
ოქსფორდის უნივერსიტეტი მრავალსაუკუნოვანი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო კერაა. მიუხედავად ამისა, ცალკეული ქართველი სტუდენტების გარდა, აქ მოხვედრას ბევრი ახალგაზრდა ვერ ახერხებდა.
ოფიციალური შეთანხმება, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთანამშრომლობის დაწყებას გულისხმობს, მინისტრის ვიზიტის ფარგლებში მოხდა.
”ეს შეთანხმება მეტად მნიშვნელვანია, რადგან ჩვენი ქვეყნის ნიჭიერ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში გააგრძელონ, შემდეგ დაუბრუნდნენ საქართველოს და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მშენებლობაში” -განაცხადა მინისტრმა.
ტრინიტი კოლეჯი ოქსფორდის 35 კოლეჯთაგან ერთ-ერთია. იგი 1555 წელს სერ ტომას პოპის მიერ დაარსდა, რომელიც ჰენრი VII დროს სახელგანთქმული იურისტი და მერი ტიუდორის ერთგული და საიდუმლო მრჩეველი იყო. მან სწორედ მერის და ფილიპის დახმარებით მიიღო ნებართვა ტრინიტი კოლეჯი დაეარსებინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის განუყოფელ ნაწილად იქცა.
კოლეჯი ოქსფორდის ცენტრში, ბოდლეინის ბიბლიოთეკის, ლაბორატორიების და სალექციო დარბაზების მახლობლად მდებარეობს. კოლეჯში 300 ბაკალავრის სტუდენტი და 100 მაგისტრანტი სწავლობს.