საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინტერაქტიული დაფის Smart Board-ის გამოყენებით მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი და თბილისის საჯარო სკოლების პედაგოგები დაესწრნენ.
სამინისტროს საინოვაციო ცენტრში, კომაროვის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს მათემატიკის გაკვეთილი ამავე სკოლის მასწავლებელმა, ვახტანგ ჯაოშვილმა ჩაუტარა. გაკვეთილი ჩატარდა ინტერაქტიული დაფის გამოყენებით, რომელსაც უნიკალური შესაძლებლობები აქვს. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას დაფა ვირტუალური ლაბორატორიის ფუნქციასაც იძენს. კვლევებმა აჩვენა, რომ smart board-ის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და მათ აკადემიურ მოსწრებას, ამცირებს ახალი მასალის ახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს და ხელს უწყობს მასალის დამახსოვრებას.
სამოდელო გაკვეთილები ინტერაქტიული დაფის გამოყენებით, სამინისტროს ინოვაციურ ცენტრში ყოველდღიურად ჩატარდება. გაკვეთილებს ჩაატარებენ პედაგოგები, რომლებმაც გაიარეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები smart board-ის გამოყენებაში. ცენტრის მიერ თბილისის სკოლების 200-მდე მასწავლებელი უკვე გადამზადდა. სამოდელო გაკვეთილებზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებს.