საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის №60 საჯარო სკოლის განახლებული ბიბლიოთეკა მოინახულა და სკოლას საჩუქრად საყმაწვილო ლიტერატურის კრებული გადასცა.
სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა პრეზიდენტის ერთ-ერთი ინიციატივა და სამინისტროს პრიორიტეტია, რომლის შედეგად, 2010 წლიდან სასკოლო ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია და მათი წიგნებით შევსება დაიწყო.
მე-60 საჯარო სკოლის ახალი ბიბლიოთეკა, რომლის საცავშიც თორმეტი ათასი წიგნია, თანამედროვე სტანდარტებისაა. კომფორტულ გარემოში შესაძლებელია გაკვეთილების ჩატარება, ლიტერატურული საღამოებისა და კონკურსების ჩატარება. სკოლას პერმანენტულად ცნობილი მწერლების, საზოდაგო მოღვაწეებისა და სხვა საინტერესო ადამიანების მოწვევა და მოსწავლეებთან მათი შეხვედრების ორგანიზება აქვს დაგეგმილი.
საკითხავი დარბაზის გარდა, მე-60 სკოლის ბიბლიოთეკას კომპიუტერებით აღჭურვილი კაბინეტიც გააჩნია, სადაც მოსწავლეებისთვის ნებისმიერი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ბიბლიოთეკის მოწყობა მხოლოდ სკოლის ბიუჯეტით განხორციელდა.
მხატვრული ლიტერატურის გარდა, სამინისტრო მაქსიმალურად ზრუნავს სასკოლო ბიბლიოთეკების სასწავლო სახელმძღვანელოებითა და სხვა სასწავლო მასალით შევსებაზეც. გასულ წელს პირველად განხორციელდა სოციალურად დაუცველი ყველა კლასის მოსწავლის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, აღნიშნული წიგნები გამოყენების შემდეგ სასკოლო ბიბლიოთეკას გადაეცემა და მათი გამოყენების უფლება ნებისმიერ მოსწავლეს აქვს.