საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ანალიტიკური ესეების კონკურსის ”25 თებერვალი და 8 აგვისტო - ისტორიული პარალელები” გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსი 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა და მასში 1000-ზე მეტი კონკურსანტი მონაწილეობდა.
კონკურსის მიზანი მოსწავლეებში პატრიოტული და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება, ისტორიული მოვლენების გააზრების, შეფასებისა და ანალიზის უნარის გამომუშავება იყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ როგორც 1921 წლის 25 თებერვლის, ისე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მნიშვნელობა, შეძლონ ამ ორი მოვლენის შედარება, შეფასება, პარალელების გავლება და მათზე საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება.
ანალიტიკური ესეების კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX-XII კლასის მოსწავლეებს ჰქონდათ. კომისიამ შეაფასა და სამი გამარჯვებული გამოავლინა, მათ დიპლომებთან ერთად ჯილდოებიც გადაეცათ: I ადგილზე გასულ ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის №2 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს თორნიკე ბერელიძეს - 400 ლარი, II ადგილზე გასულ თეთრიწყაროს, სოფელ მუხათის კოდას საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეს ვერიკო აღდგომელაშვილს - 300 და III ადგილზე გასულ თბილისის №99 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეს გიორგი ჩაფიძეს - 200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები გადაეცათ.