საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 20 მარტამდე გასტანს. კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია. გამოცდა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, დირექტორობის მსურველი გაივლის ინდივიდუალურ ტესტირებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე, დაიშვებიან პირები, რომლებიც გადალახავენ ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ზოგადი განათლების სისტემის სრულყოფისა და საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს. კადრების პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით დაინერგა მრავალი სიახლე, დამტკიცდა დირექტორის სტანდარტი. დოკუმენტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც განაპირობებს წარმატებული საჯარო სკოლის დირექტორის საქმიანობას.
შესარჩევი კონკურსის მიზანია, გამოავლინოს პროფესიონალი კადრები, რომლებიც აკმაყოფილებენ სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებენ უზრუნველყონ საჯარო სკოლის უწყვეტი განვითარება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება.