სკოლის მოსწავლეების შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირების, ტექნიკური ინოვაციებით დაინტერესებისა და ჩართულობის მიზნით, სამინისტრო აცხადებს მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსს ”ლეონარდო და ვინჩი”. კონკურსის პროგრამა და პირობები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს თავისუფალ უნივერსიტეტში შეკრებილ მოსწავლეებს გააცნეს.
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსი ”ლეონარდო და ვინჩი” გამოავლენს და წაახალისებს გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VII-XII კლასის მოსწავლეებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საკონკურსო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს გამოგონების აღწერილობის ტექსტი და საილუსტრაციო ნახაზი, მოდელი ან მაკეტი. მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ა.წ. 2 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ან რაიონულ რესურს-ცენტრში.
განაცხადებს შეაფასებს კომპეტენტური საკონკურსო კომისია, რომელიც გამარჯვებულებს ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლენს. კონკურსის გამარჯვებული პროექტების ავტორები მედლებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოვდებიან, გრანპრის მფლობელი კი, შემეცნებითი ტურით უცხოეთში გაემგზავრება.
მოსწავლე-გამომგონებელთა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩი”-ს საკონკურსო დეტალები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდებზე: www.mes.gov.ge, www.rustaveli.org.ge