საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ქუთაისის პროფესიული კოლეჯი მოინახულეს. სასწავლებელი სამინისტროს მიერ სრულად რეაბილიტირებულია. აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიების შესაბამისი ძვირადღირებული მანქანა-დანადგარებით. ყველა პროფესიას პრაქტიკული მეცადინეობისათვის საჭირო ბაზა გააჩნია.
ქუთაისის პროფესიული კოლეჯი შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამის ცოდნასა და უნარებს ყოველწლიურად ასობით სტუდენტს აძლევს. განახლებული სასწავლო პროგრამებით აქ სტუდენტები 22 სპეციალობას ეუფლებიან. სასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს კურსდამთავრებულთა პოტენციურ დამსაქმებლებთანაც.
მიმდინარე სასწავლო წელს ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში 1000-მდე მსურველი გადამზადდება შემდეგ პროფესიებში: ავტოშემკეთებელი ზეინკალი, დურგალი, ელექტროშემდუღებელი, სანიტარულ-ტექნიკური სამუშაოების ოსტატი, ელექტრომოწყობილობის შემკეთებელი, ჭრა-კერვა, კონდიტერი, მზარეული, მიმტანი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, მემცენარე, მეფუტკრე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკოს-ოპერატორი, კალატოზი, მეფილე-მომპირკეთებელი, გზის ფილაქნის დამგები, ელექტრიკოსი, თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი, გამყიდველ-კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი, ვებტექნოლოგიების ოპერატირი, კომპიუტერული სისტემების მომხმარებელ-ოპერატორი.
პროფესიული და სახელობო განათლების ახალი კონცეფციის ფარგლებში, განახლებული პროფესიული კოლეჯები ისეთი პრობლემების გადაჭრაში გვეხმარება როგორიცაა: დასაქმება, ეკონომიკური ზრდა და კვალიფიციური კადრების დეფიციტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს ყველა პროფესიული კოლეჯის მონახულება და მათი საქმიანობის ადგილზე გაცნობა აქვს დაგეგმილი.