საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 2011 წლის 5-13 მარტს, უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების პირველი გამოფენა ”საქართველოს განათლების კვირეული 2011” იმართება. გამოფენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის ვიცე მერმა დავით ნინიძემ გახსნეს.
საქართველოს განათლების კვირეული გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია როგორც კერძო ასევე, სახელმწიფო უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები. გამოფენაში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, რომელთა ძირითად მიზანს საგანმანათლებლო სექტორის განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს.
გამოფენის ფარგლებში მონაწილე ორგანიზაციების პრეზენტაციები და “ღია კარის დღეები” იმართება, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, მათ მშობლებს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვთ პირადად გაესაუბრონ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელებსა და წამყვან სპეციალისტებს, გაეცნონ მათ შეთავაზებებს, სასწავლო პროგრამებს და სწავლის პირობებს.
კვირეულის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პროფესიული წრეების არაერთი შეხვედრა, ახალი პროექტების პრეზენტაცია, საგანმანათლებლო სისტემაში ახალი ინიციატივების განხილვა და პროფესიული გამოცდილების გაზიარება.