თბილისის №47-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ამიერიდან სპორტის გაკვეთილები განახლებულ სპორტულ დარბაზში ჩაუტარდებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი მოინახულა და 47-ე სკოლის გუნდებს შორის კალათბურთში შიდა სასკოლო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას დაესწრო.
სპორტის გაკვეთილების დანერგვის შემდეგ საჯარო სკოლებში ოცდაოთხი სპორტული ლიგა შეიქმნა, მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის ამდენივე სახეობაში ეჯიბრებიან. 47-ე საჯარო სკოლაში ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთისა და ორთაბრძოლების გაკვეთილები ტარდება, ეწყობა შეჯიბრებები. ამჯერად, კალათბურთში რამდენიმედღიანი შეჯიბრი უფროსკლასელებს შორის ჩატარდა, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს XI და XII კლასელთა ნაკრები გუნდები შეხვდნენ. გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონის თასი და სიგელები გადაეცა.
47-ე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. გასულ წელს თბილისის მასშტაბით 30 საჯარო სკოლაში ახალი სპორტული მოედანი გაკეთდა, 70 სკოლაში სპორტული დარბაზი მოეწყო. რეაბილიტირებული სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და შესაძლებელია მოზარდების სპორტის სხვადასხვა სახეობებში კომპლექსურად მომზადება.