საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს ყველა რეგიონში პედაგოგთა ტრენინგებს განახორციელებს. ტრენინგები 25 მარტიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას იმ საგნების პედაგოგები მიიღებენ, რომლებშიც 2011 წელს სასერტიფიკაციო გამოცდები იგეგმება. სახელმწიფო დაფინანსების ტრენინგებს მასწავლებლები პროფესიულ უნარებსა და შესაბამის საგანში გაივლიან.
ტრენინგების განრიგი ხელმისაწვდომი იქნება სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე www.tpdc.ge, საჯარო სკოლებში და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ტრენინგზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია რესურსცენტრში უნდა გაიარონ. ტრენინგები განხორციელდება რეგიონალურ ცენტრებში, საჯარო სკოლების ბაზაზე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მიმართულია ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისა და საჯარო სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებისკენ, რასაც პირველ რიგში, მასწავლებელთა პროფესიონალიზმი განაპირობებს. აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და ტრენინგ-პროგრამების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა.