საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა სტუ-ს რეაბილიტირებული სააქტო დარბაზი გახსნეს და სტუდენტური თვითმმართველობის მიერ განხორციელებული პროექტის “1000 დატრენინგებული სტუდენტი სტუ-ში” მონაწილე სტუდენტები დააჯილდოვეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა. 700 ადამიანზე გათვლილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ დარბაზში შესაძლებელია საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონფერენციების, სხვადასხვა პრეზენტაციების მოწყობა, დარბაზში განთავსებულია პარალელური თარგმანის კაბინეტები, დარბაზი ასევე იძლევა შესაძლებლობას მოეწყოს კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებები.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტრო არა მარტო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ამაღლებაზე არამედ, იმ გარემოს გაუმჯობესებაზე და თანამედროვედ აღჭურვაზეც ზრუნავს, სადაც სტუდენტები სწავლობენ.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტური თვითმმართველობის 2010 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენა და იმ პროექტების პრეზენტაცია განხორციელდა, რომელიც პრიორიტეტია 2011 წლისათვის. ასევე დამსწრე საზოგადოებას იმ გამოკითხვის შედეგები ეცნობა, რომელიც ტრენინგების მიმდინარეობის პარარელურად ჩატარდა და უნივერსიტეტში ბოლო დროს სასწავლო პროცესთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებს ეხებოდა.
დასასრულ, გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხატვრულ-შემოქმედებითი ანსამბლების კონცერტი.