საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგი) პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა. კონფერენციის გახსნის ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოში ევროპის კომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე.
პროექტის ”საქართველოში ბოლონიის პროცესის ამოცანების განსახორციელებლად შესაძლებლობების გაძლიერება (CEIBAL)“ შემაჯამებელი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტის პარტნიორი გერმანელი და ფრანგი ექსპერტები, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრაზე შეჯამდა პროექტის ორი წლის მუშაობა, რომლის მიზანიც იყო ბოლონიის პროცესის რეფორმების ეფექტური განხორციელება შესაბამის ინსტიტუციებში და საქართველოს ჩართვა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში (EHEA).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგი) პირველი პროექტი გერმანელ და ფრანგ პარტნიორებთან ერთად განახორციელა. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ და საფრანგეთის უმაღლესი განათლების სამინისტრომ აქტიურად დაუჭირა მხარი გერმანული და ფრანგული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების თანამშრომლობას საქართველოსთან მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში. პროექტის განხორცილებაში ასევე ჩართულები იყვნენ გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD); საფრანგეთის პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრი (CIEP); გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).
პროექტის შედეგად გაძლიერდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების ინსტიტუციური შესაძლებლობები, განხორციელდა მოკლევადიანი ექსპერტების მისიები/სამუშაო შეხვედრები; ჩატარდა რეგიონალური აკადემიური სამიტები და სემინარები; შემუშავდა შიდა პროგრამული აკრედიტაციის (თვით-შეფასების) სახელმძღვანელოს სამუშო ვერსია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და საქართველოს ხარისხის აღიარების სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია.