საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პირველი ლედის პატრონაჟით, თბილისის პირველ საჯარო სკოლაში ,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის (ჯუს)’’ პროექტის ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და პირველი ლედი სანდრა რულოვსი დაესწრნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
პრეზენტაციას გაკვეთილის სახე ჰქონდა და იგი 10 წლის ასაკის მოსწავლეებს ჩაუტარდათ. გაკვეთილი რამდენიმე თემისაგან შედგებოდა: ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკომანია, კვება, უსაფრთხო მოძრაობა. ყველა მათგანი ალიანსის პროექტის ,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის’’ შემადგენელი ნაწილებია.
მოსწავლეებს პირველად ილია მეორემ მიმართა და ჯანმრთელი ცხოვრების მნიშვნელობაზე ესაუბრა მათ. შემდეგ მოსწავლეების წინაშე მასწავლებლის ამპლუაში წარსდგნენ: პირველი ლედი, პროექტის ,,ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლა’’ დირექტორი, პროექტის კოორდინატორი და ცნობილი სპორტსმენები.
პრობლემები, რომელზედაც მონაწილეებმა ისაუბრეს, თანაბრად ეხებოდა ყველა ოჯახს მთელ მსოფლიოში, ამიტომაც “ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის” ალიანსის მსგავსი საზოგადოებები არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ამ მხრივაც, საქართველო მოწინავე ქვეყნების რიგში დგას.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს ,,ჯუს“-ალიანსის მიმართვა მთავრობისადმი “ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის” ეროვნული დღის შემოღების შესახებ და სთხოვეს შეუერთდეს ამ ინიციატივას. დასასრულ ბავშვებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ხელი მოაწერეს მიმართვას და ამით ფაქტიურად ,,ჯუს“-კამპანიის თანამონაწილენი გახდნენ.
“ჯანმრთელი და უსაფრთხო სკოლის” ალიანსი ანალოგიურ შეხვედრებს მოსწავლეებთან მომავალშიც გააგრძელებს.