სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ “სკოლამდელი განათლების ინიციატივების მხარდამჭერი პროექტის” ფარგლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური დოკუმენტი შემუშავდა:
აღნიშნული რესურსების შექმნაზე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებთან ერთად, წამყვანი ფსიქოლოგები, პრაქტიკოსი პედაგოგები და სხვადასხვა დარგის (ხელოვნება, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა და სხვ.) სპეციალისტები მუშაობდნენ.
ხუთი-ექვსი წლის ასაკში ბავშვის გონებრივი, ფიზიკური და სოციალური შესაძლებლობები და უნარები უკვე მნიშვნელოვანწილად ჩამოყალიბებულია, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ბავშვი სათანადოდ იყოს მომზადებული სკოლისათვის, რათა უპრობლემოდ შეძლოს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევა.
ახალი პუბლიკაციები გამიზნულია ფართო აუდიტორიისათვის და დაეხმარება სკოლამდელი განათლების სფეროს წარმომადგენლებს სწორად დაგეგმონ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, რაც ხელს შეუწყობს როგორც ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებას, ასევე მის მომზადებას სკოლისა და მომავალი ცხოვრებისათვის.
პუბლიკაციები გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. თითოეული გამოცემა საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო ბაღს უსასყიდლოდ გადაეცემა.
ამჟამად, საქართველოში სკოლამდელი განათლების ორგანიზებას, ხარისხის უზრუნველყოფასა და დაფინანსებას ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ. მიუხედავად ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს მუშაობას სკოლამდელი განათლების სფეროს პროფესიონალთათვის დამხმარე რესურსების შემუშავებაზე.
ახალი სახელმძღვანელოების პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქ-ნი ირინე ქურდაძე, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორი, ქ-ნი ნათია ჯოხაძე, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, ბ-ნი მამუკა ქაცარავა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე, ბ-ნი ბენჯამინ პერკსი, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.