საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე საერო სკოლა ”ოლიმპში” ბერძნული კულტურის სასკოლო ფესტივალ ,,ოლიმპოს მწვერვალის” გახნას დაესწრო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი, საბერძნეთის ელჩი საქართველოში გეორგიოს ხაძიმიხელაკისი და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლები.
ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქ. თბილისის საკრებულო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. ბერძნული კულტურის სასკოლო ფესტივალში ქ. თბილისის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების (კერძო და საჯარო) დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ჩაერთვებიან.
ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბერძნული ცივილიზაციის შესახებ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას 6 მიმართულებით ჩატარდება: მოხდება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების (ნახატები, ნაძერწები, ნაქარგები, აპლიკაციები, კოლაჟები) ნიმუშების გამოფენა, რომლებიც ბერძნული მითოსისა და ისტორიის რეალიებს ასახავენ; მოეწყობა ანალიტიკური ესეს აქცია; გაიმართება სპექტაკლები და ლიტერატურული კომპოზიციები, მოსწავლეები წარმოადგენენ პროექტებს, ჩატარდება ბერძნული ენის კონკურსი და შემეცნებითი ვიქტორინა - ბერძნული მითების სამყაროში.
ფესტივალისათვის მზადების პროცესში მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ჯავახიშვილის ინსტიტუტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტთან არსებული, აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის ბიბლიოთეკით. საფესტივალო მასალები და დავალებები მომზადდება ინსტიტუტის თანამშრომლების კონსულტაციების საფუძველზე.
ფესტივალის მონაწილეებს წასახალისების მიზნით, სიგელები, დიპლომები, წიგნები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.