საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ”საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების” ხელმძღვანელმა დავით ლაგვილავამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის მხარდასაჭერად, სამინისტროსა და დამსაქმებელთა გაერთიანებას შორის ღია და კონსტრუქციულ თანამშრომლობას გულისხმობს.
”საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების” წევრები სკოლების, პროფესიული სასწავლებლების, საბავშვო ბაღების დირექტორები, ანუ პოტენციური დამსაქმებლები არიან. მემორანდუმი რეფორმაში ჩართულ ამ საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და მხარეებს შორის სოციალური დიალოგის წარმართვის პროცესის ხელშეწყობას, რეფორმის პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონისა და დამსაქმებელთა (დირექტორების) კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში მოხდება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო ინსტიტუციებს შორის კავშირების აღდგენა და განვითარება, ერთობლივი სამუშაო ჯგუფების, შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება, ერთობლივი საექსპერტო ჯგუფების ჩამოყალიბება და სხვ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა „საჯარო სკოლების ფინანსური მართვის ელექტრონული სისტემის“ პრეზენტაცია, რომელიც გაერთიანების ინიციატივითა და დაკვეთით კომპანია ”სინგულარ ჯგუფმა” შექმნა. სისტემა სრულიად თავსებადია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილ მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზასთან და მისი მიზანია ჩვენს ქვეყანაში არსებული საჯარო სკოლების ფინანსური სიტუაციის მოწესრიგება და დირექტორებისთვის სკოლის მართვის პროცესში ხელშეწყობა.