საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და UEFA-ს ვიცე–პრტეზიდენტმა სენეშ ერზიკმა ირაოს სტადიონზე საჯარო სკოლებს შორის საფეხბურთო ტურნირი ”სკოლბურთი” გახსნეს. ტურნირის პირველ დღეს ერთმანეთს ვაკე-საბურთალოს რაიონის 8 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
პროექტი “სკოლბურთი” სამ ძირითად ეტაპად ტარდება: შესარჩევი, დასკვნითი და მესამე ეტაპი საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაა, სადაც გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება.
შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას ყველა დაინტერესებული სკოლა იღებს, შემდეგ გუნდები რაიონული პრინციპით დაიყოფიან და ჯგუფური სისტემით გამოავლენენ რაიონის გამარჯვებულებს, რომლებიც რეგიონალურ შესარჩევ ეტაპზე იასპარეზებენ და რეგიონების ჩემპიონებს გამოავლენენ.
”სკოლბურთის” დასკვნითი ეტაპი ქ.ბათუმში გაიმართება და მასში 16 რაიონის ჩემპიონები მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდი საერთშორისო ტურნირზე გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირებზე ქართველი მოზარდები ყოველთვის პირველ საპრიზო ადგილებს იკავებენ.
“სკოლბურთის” მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაა. მისი ორგანიზატორები არიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ”საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია”.
2007 წლიდან პროექტმა ”სკოლბურთი” მთელი საქართველო მოიცვა და მასში ყოველწლიურად მონაწილეობას 1500-მდე საჯარო სკოლა და 15000-მდე მოსწავლე ღებულობს.